Chapter Text
იმ დღეს საშინლად წვიმდა... იმაზე საშინლად, ვიდრე ეს ჯონგუკს ოდესმე ახსოვდა. აბაზანიდან გამოსული, სველი და ნახევრად შიშველი ფანჯარასთან ახლოს ჩამოჯდა და ქალაქს გახედა. ცა დაბნელებული იყო, წვიმის წვეთები გაუჩერებლად ასხავდნენ ფანჯარას, რამდენიმე წუთში ერთხელ ცა იასამნისფრად ნათდებოდა და შემდეგ დამანგრეველი გრუხუნის ხმა ყველაფერს აგვირგვინებდა.
ჯონგუკს უყვარდა წვიმა. ეხმარებოდა აზრების დალაგებასა და ფიქრში.
დეპრესიული დღე ჰქონდა, არავის ელოდებოდა და არც გარეთ გასვლას აპირებდა. იმ ერთადერთმა ადამიანმა, რომელიც მასზე ზრუნავდა, უთხრა, რომ დღეს ვერ მოახერხებდა მის ნახვას.
გასაკეთებელი არაფერი ჰქონდა. ღრმა ამოსუნთქვით ადგა, თავის ოთახში შევიდა, მხოლოდ შარვალი ჩაიცვა და საწოლს ზემოდან მოექცა. თვალები დახუჭა, თბილი პლედი მიიფარა და უკვე მშრალი დაძინებას შეეცადა.
არ ახსოვს რამდენი ხანი ეძინა, მაგრამ საწოლის ხმამ და მერე რაღაც ცივის და სველის შეხებამ გამოაღვიძა. დაფეთებულს წამოხტომა უნდოდა, მაგრამ მასზე მოხვეულმა მკლავებმა არ მისცეს ამის საშუალება. გონს რომ საბოლოოდ მოვიდა, ცოტა შეშინებული იყო და გული სწრაფად უცემდა. მის სხეულზე ჩახუტებულ ბიჭს დახედა და უამრავი პეპელა იგრძნო სხეულში.
- თე, პატარა, აქ რა გინდა? მეგონა არ მოხვიდოდი. სულ სველი ხარ.
- არც მოვდიოდი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ შენი ნახვა მერჩივნა მშობლებთან ერთად ვახშამზე წასვლას. ვიღაც გოგო უნდა გაეცნოთ ჩემთვის.
ჯონგუკს ცივმა ოფლმა დაასხა და წამით გაშეშდა. გაბრაზდა, მაგრამ თეჰიონს ეს არ უნდა შეემჩნია.
მისი მშობლები ზედმეტად ცდილობდნენ მათ დაშორებას, ზედმეტად ცდილობდნენ მათ ცხოვრებაში ჩარევას...
- კარგია, რომ ჩემთან მოხვედი. მომენატრე,- გაუღიმა მან და ბიჭი უფრო მეტად ჩაიხუტა.- ჯანდაბა, თე, რა სველი ხარ. ფეხით მოხვედი აქამდე? ადექი, სასწრაფოდ უნდა გამოიცვალო.
- მმმ, არა, არ მინდა. შენი სითბო საკმარისია გასათბობად.
- გაცივდები და დედაშენს უფრო მეტად შევძულდები.
- არაფერი მომივა.-უდარდელად ლაპარაკობდა ჯონგუკის ყელში თავჩარგული ბიჭი.
- თეჰიონ, ახლავე ადექი და ტანსაცმელი გამოიცვალე.
- უბრალოდ ასე დავრჩეთ და მალე გავშრები. მცივა და მეძინება.
ჯონგუკმა აღარ დააყოვნა, საწოლიდან წამოდგა და მასზე აწებებული ბიჭიც მასთან ერთად წამოაყენა. თავის კარადასთან მიიყვანა, თვითონ გახადა ყველაფერი, გაამშრალა და თვითონვე ჩააცვა თავისი სუფთა ტანსაცმელი. ეცინებოდა ბიჭის მინაბულ თვალებზე, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ეძინებოდა.
დაამთავრა თუ არა ჯონგუკმა მისი ჩაცმა, თეჰიონი სწრაფად მოეხვია მას და თავი მის კისერში ჩამალა.
- ფეხები წელზე შემომხვიე, საწოლი სველია, დივანზე დავიძინებთ.-უბრძანა ჯონგუკმა, პლედი აიღო და თავისზე შემოხვეულ თეჰიონთან ერთად მისაღებისკენ დაიძრა.
ვიწრო დივანზე ისე მოთავსდა, რომ თეჰიონი ნახევრად ზემოდან ეწვა.
- ქუქ.-ხმადაბლა დაუძახა ბიჭმა.
- გისმენ.
- მიყვარხარ...-ჯონგუკის სხეულისა და ფსიქიკის ყველა ნაწილში უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებები აყვავდნენ, ღიმილს ვერ შეეწინააღმდეგა და ფართოდ გაიღიმა.-და მეშინია.
- გეშინია? რისი?-მაშინვე შეიცვალა ჯონგუკის განწყობა.
- ჩემი მშობლების... ისინი... -ამოიოხრა მან.- შენ მათ არ იცნობ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაგვაშორონ. მეშინია. ვერ ვიტან მათ ჰომოფობურ აზრებს... ვერ ვიტან მათ აზრებს და დამოკიდებულებებს. მეშინია, ქუქ...
ჯონგუკმა არ იცოდა რა ეთქვა. არ უნდოდა თეჰიონის მშობლებზე ცუდად ესაუბრა, მაგრამ ისინი ყველაზე საშინელი ადამიანები იყვნენ, ვინც მას აქამდე ენახა. თეჰიონს რობოტივით ეპყრობოდნენ და ჯონგუკს ეს სძულდა. სძულდა, რომ მათთვის თეჰიონი ის მანქანა იყო, რომელსაც მთელი ხხოვრება უნდა ესწავლა, ემუშავა, ოჯახი შეექმნა და შვილები ჰყოლოდა. მთელი მისი ცხოვრება დაგეგმილი იყო.
- თე, შენ ხომ გჯერა ჩვენი?
- ჰო.-სუსტი ხმით უპასუხა მან და ჯონგუკს კიდევ უფრო მეტად აეკრო.
- მაშინ არაფერია საშიში და სანერვიულო. ისინი ვერაფერს გააკეთებენ.
- კარგი... მიყვარხარ.
- მეც, პატარა, მეც მიყვარხარ.-ფიქრებში ჩაძირულმა უპასუხა მან და თვალები სივრცეში უმისამართოდ გაუშტერდა.
არ იცოდა რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ ჯონგუკი ღრმად იყო ფიქრებში ჩაფლული. მის მშობლებს... მათ მართლა შეეძლოთ ისეთი რამის გაკეთება, რაც მათ დააშორებდა. ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო. ჯონგუკმა კი არ იცოდა რამდენად მყარად იყვნენ ის და თეჰიონი, არ იცოდა რამდენად შეძლებდა ის მშობლების წინააღმდეგ წასვლას, არ იცოდა რაზე იყო წამსვლელი თეჰიონი მისთვის...
- თე, ადექი, ჩაი დავლიოთ, თორემ გაცივდები.
- არ მინდა.- ამოიკნავლა მან.
- თე, გაცივდები და მამაშენი ისედაც ვერ მიტანს.- ხუმრობა სცადა ჯონგუკმა.
თეჰიონმა არაფერი უპასუხა, ოდნავ ზემოთ აიწია და უფრო კარგად მოეხვია ბიჭს, რომელსაც ზედა ჯერ კიდევ არ ეცვა. ტუჩებზე რამდენჯერმე ნაზად აკოცა და თავი ისევ მის ყელში დააბრუნა.
- არაფერი მინდა, არაფერი მომივა... შენი სითბო საკმარისია, შენი სითბო საკმარისზე მეტია.
ჯონგუკს უნდოდა ეტირა... არავის უყვარდა ის ისე, როგორც თეჰიონს... არავინ ზრუნავდა მასზე ისე, როგორც თეჰიონი.
იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე სიყვარული შეეძლო და არ იცოდა რა მოხდებოდა, თუ ოდესმე თეჰიონი გვერდით არ ეყოლებოდა. არ უნდოდა ეფიქრა თეჰიონის გარეშე ცხოვრებაზე, რადგან ამაზე ფიქრიც კი საკმარისი იყო მისი გულის შეკუმშვისთვის.
- დაიძინე. შენი სახლში წასვლის დრო რომ მოვა გაგაღვიძებ.-ნაზად უთხრა მან, თავზე აკოცა, პლედი გაუსწორა და უფრო მჭიდროდ შემოჰხვია ხელები.
არ უნდა ეფიქრა ასეთ რაღაცებზე, არ უნდა ჰქონოდა ასეთი ეჭვები...
ჯონგუკმა მაშინ არ იცოდა, რომ მისი ყველა შიში, მისი ყველა ეჭვი რეალობად იქცეოდა... რადგან ახლა, ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონება იყო მის გონებაში...
მას თეჰიონი აღარ ჰყავდა.
